სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ კრემლის სპიკერის განცხადებას უკრაინაში დატყვევებული ამერიკელი სამხედროების შესახებ, საგანგაშო უწოდა.
კირბიმ განაცხადა, რომ პესკოვის ან ვლადიმერ პუტინის თავებში ჩახედვას ვერ შეეცდება, მაგრამ მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა სიკვდილით დასჯის პერსპექტივა რეალური იყო თუ ჰიპოთეტური. კირბის თქმით, ყველა შემთხვევაში შემაშფოთებელი და საგანგაშოა მოსკოვის რიტორიკა.
„შემაძრწუნებელია, რომ რუსეთში საჯარო მოხელე უკრაინაში მყოფი ორი ამერიკელი მოქალაქისთვის სიკვდილით დასჯასაც კი გვთავაზობს. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, გავიგოთ მეტი ამ ორი პირის შესახებ. გავაგრძელებთ მცდელობებს, რათა ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია", - განაცხადა ჯონ კირბიმ.
როგორც პესკოვმა 21 ივნისს განაცხადა, რუსეთს არ შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ უკრაინაში დატყვევებულ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანენ.