ლიეტუვისადმი რუსეთის მუქარის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, NATO-ს ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს.
„ლიეტუვა NATO-ს ალიანსის წევრია. ჩვენ დავიცავთ NATO-ს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ეს მოიცავს, რა თქმა უნდა, ვალდებულებას მე-5 მუხლის მიმართ, რომელიც NATO-ს ალიანსის საფუძველია. ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსვლელობისას და, ფაქტობრივად, მაშინაც, სანამ რუსეთი დაიწყებდა თავის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში - რომ შეერთებული შტატების ერთგულება NATO-სადმი და კონკრეტულად, ჩვენი ვალდებულება NATO-ს მე-5 მუხლისადმი, წინაპირობით, რომ თავდასხმა ალიანსის რომელიმე წევრზე, ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, მტკიცე და ურყევია“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა.
პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ.
„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“.
„ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.