ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ და მისმა ხალხმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჯოჯოხეთი გაიარეს და დაამტკიცეს, რომ ღირსია წევრობის კანდიდატის სტატუსი. ლაიენის თქმით, უკრაინამ უკვე ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის.
„უკრაინა არის ძლიერი საპარლამენტო დემოკრატია, მას აქვს კარგად ფუნქციონირებადი საჯარო ადმინისტრაცია, რომელიც ყოველდღე გადის ომის საბოლოო სტრესს. მას აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება. ყოველწლიურად, მცირე ბიზნესი და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მეწარმეები იპყრობენ ახალ სივრცეს ქვეყნის ეკონომიკაში - და ებრძვიან ოლიგარქების ძალაუფლებას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ლაიენის თქმით, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფიდან, რომელმაც მიიღო „გაბედული კანონი უკრაინის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოლიგარქების კონტროლის გასარღვევად“.
„ახლა საუბარია კანონის პოზიტიურ და გრძელვადიან ცვლილებად გადაქცევაზე. უკრაინელ ხალხს სურს, განაგრძოს მოდერნიზაციის გზა, დემოკრატიის გზა, გზა, რომელიც მიდის ევროპისკენ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.