„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა“. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მიერ განსახორციელებელი ყველა ქმედეითი ნაბიჯი გადაიდგა, ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, აპლიკაციის შევსება და შეტანა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პირობა შეასრულა ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენი ხალხის 85% ითხოვს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და სწორედ ამ სულისკვეთებით ვემსახურებით ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ამიტომ მოვუტანეთ ჩვენს ხალხს ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება.
„ასევე მინდა, მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას. მინდა, ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა, მოგეხსენებათ, რომ არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების, პირიქით, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო წარმატება“.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ამის თაობაზე ღიად ვსაუბრობდით. არავითარი გარანტია არ მიგვიცია არავისთვის. ევროპის მაგივრად როგორ შეგვეძლო, ვინმესთვის გარანტია მიგვეცა, ეს არასწორია. მე მინდა, განვმარტო მკაფიოდ: კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას... - ორს მიეცა და ჩვენ მოგვეცემა მას შემდეგ, რაც პირობები იქნება შესრულებული. უკრაინას და მოლდოვას განესაზღვრათ მთელი რიგი პირობებისა, ნაცვლად ჩვენი შემთხვევისა, მათ ავანსად მიიღეს საჩუქარი და წახალისება და შემდეგ განესაზღვრათ, რომ მათ უნდა შეასრულონ პირობა. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ჩვენ ავანსად არ მიგვიღია. ევროპელი ლიდერებისგან ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მოვისმინეთ, რომ კანდიდატის სტატუსს აძლევენ იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში.
მოლდოვა, რომელიც არის დსთ-ს წევრი და აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ეკონომიკური გამოწვევები, უსაფრთხოების გამოწვევები, უამრავი რეფორმა აქვთ ჩასატარებელი, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ ალბათ გასულ საუკუნეში დავასრულეთ (უტრირებულად რომ ვთქვათ), მაგრამ მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი, თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანას შორის, დიახ, დღესაც ვთვლით, რომ ამ სამ ქვეყანას შორის, ბევრად წინ ვართ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ სტატუსზე გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება. ბატონმა მიშელმა ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა და მაკრონმა, თქვეს, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი, როგორც კი შეასრულებს მათ მიერ მოცემულ პირობებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია.
„მთავრობა ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე. და, პირიქით, ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს მთავრობის გარეშე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ. ეს ჩვენი კეთილი ნებაა, გაცხადებული საჯაროდ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ახლა მეტი მოტივაცია აქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შესრულდეს. უკრაინა არის დიდ ომში, მოლდოვა არის მძიმე მდგომარეობაში. მათ ორივეს განუსაზღვრეს პირობები, დათქმები გაუკეთეს, ისევე, როგორც ჩვენ, მაგრამ ავანსად, რომ წაეხალისებინათ, ამის თაობაზე გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ და გააკეთა განმარტება, რომ უკრაინა არის ომში და ვალში ვართო. მოლდოვა არს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მეტი რისკები და გამოწვევები აქვს. მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, მათაც მისცეს საჩუქარი.
ჩვენ შემთხვევაში ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ, მანამ, სანამ ამ პირობებს არ შეასრულებთ. მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, გამანადგურებელ ომს, მოლდოვის მდგომარეობას და ამ ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებით და შესრულებებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება, უკეთესიც იყოს ჩვენთვის, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს. რატომ, პოლარიზების დასრულება, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, იმიტომ, რომ იცით, რომ მარტო ჩვენი გასაკეთებელი არ არის, არამედ ოპოზიციის გასაკეთებელია. ვაღიაროთ, რომ საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ იქნებოდა. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შევასრულოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
- ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის
- მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ზე: გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ