ილია დარჩიაშვილი: სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს

სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას. რთულია იმის იგნორირება, რომ საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს და დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით. სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, რომ რთულია იმის იგნორირება, რომ ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის საფუძველზე, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ამჯერადაც, როგორც მრავალგზის, საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით. კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთული და გრძელია. ამავდროულად, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავიაროთ იგი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თქვენი გამოცდილება და პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.


შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით


ასევე წაიკითხეთ:

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ