სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე შეაფასებს და სამუშაო ახლა უნდა დაიწყოს. „საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება წინსვლას კრიტიკულად გადამწყვეტი რეფორმების მიმართულებით.
„მივესალმები ევროკავშირის საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ - სამი ქვეყნის, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასები არიან. რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის და ჩვენი აღმოსავლეთ სამეზობლოს დესტაბილიზაციის მცდელობის ფონზე, ამ მძიმე დროში, ევროკავშირის ლიდერებმა მხარდაჭერის მკაფიო გზავნილით უპასუხეს უკრაინისა და მოლდოვის ხალხის მიერ გაკეთებულ თავისუფალ არჩევანს, რომელთაც მთელი გულით ვულოცავ.
ამ მისწრაფებებს საქართველოს მოსახლეობაც თანაბრად იზიარებს – ამას მოწმობს გასული დღეების ხალხმრავალი შეკრებები, რათა მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა გამოხატონ. სამწუხაროდ, მიუხედავად ევროკავშირის ინსტიტუტების არაერთგზის გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველა მხრიდან, ეს მისწრაფება უგულვებელყვეს.
არ შეიძლება უარვყოთ, რომ საქართველომ, რომელიც ოდესღაც ჩვენს ასოცირებულ აღმოსავლელ პარტნიორებს შორის ლიდერად ითვლებოდა და რომელმაც მოახდინა თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან მრავალ სფეროში, ჩამოქვეითდა, როცა საქმე ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ან ოლიგარქიზაცია და მედიისა და პოლიტიკური ლანდშაფტების პოლარიზაცია.
გუშინდელ გადაწყვეტილებას განვიხილავ, როგორც მნიშვნელოვან გამოფხიზლების ზარს. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურული არ არის. ევროკომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე შეაფასებს და სამუშაო ახლა უნდა დაიწყოს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება წინსვლას კრიტიკულად გადამწყვეტი რეფორმებისმიმართულებით“, - აღნიშნავს მარინა კალიურანდი.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.