ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში ტრანზიტის ბლოკირება ომის გამოცხადების ტოლფასია

ბელორუსი მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში, „ტრანზიტის ბლოკირება, ომის გამოცხადების ტოლფასია“. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სანკტ-პეტერბურგში განაცხადა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

„რაც შეეხება ლიეტუვას, ბოლო პერიოდში იზრდება ინფორმაციის ნაკადი მათ ჩანაფიქრთან დაკავშირებით, შეაჩეროს ტრანზიტი რუსეთიდან ბელორუსის გავლით კალინინგრადში, მოახდინოს კალინინგრადის იზოლაცია. ეს ჰგავს უკვე ომის გამოცხადებას, ეს დაუშვებელია“,- განაცხადა ლუკაშენკომ.


შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა.

პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ.

„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“.

ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.