ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა ევროკავშირის სანქციებს აღასრულებს. ნაუსედას ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ გაიმართოს კონსულტაციები ევროკომისიასთან ლიეტუვის საერთაშორისო ვალდებულებების და ინტერესების დაცვის მიზნით.
„ტრანზიტის პირობები განხილულია ევროკავშირ-რუსეთის შეთანხმებაში, ევროკავშირი არ არის ცალმხრივად პასუხისმგებელი მათ განხორციელებაზე. ამ თემაში სიახლეა ის, რომ ლიეტუვა აქტიურად მონაწილეობს მასში - ევროკავშირმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი, რომელიც მოიცავს საქონლის გარკვეულ ჯგუფს (ფოლადი და შავი ლითონები, ფუფუნების საქონელი). ეს თემა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილეთ.
სრულიად ნათელია, რომ ლიეტუვამ უნდა განახორციელოს და განახორციელებს კიდეც ევროკავშირის სანქციებს. მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონსულტაციები ევროკომისიასთან, რათა სანქციების განხორციელებამ ზიანი არ მიაყენოს ლიეტუვის ინტერესებს ან საერთაშორისო შეთანხმებებს. მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით მივაღწევთ იმას, რომ სანქციები მტკივნეული იყოს აგრესორი ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს გიტანას ნაუსედა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა.
პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ.
„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“.
„ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.