NATO-მ მადრიდში მიმდინარე სამიტის ფარგლებში მიღებული დეკლარაციით დაადასტურა, რომ შვედეთს და ფინეთს სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად იწვევს. NATO-ს დეკლარაციის მე-18 პუნქტში საუბარია ღია კარის პოლიტიკაზე.
„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური შეშფოთება სათანადოდ იყოს განხილული.
ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში.
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
ამავე თემაზე