ავსტრალიის მთავრობამ უკრაინიდან ავსტრალიაში იმპორტზე ტარიფების 12 თვის ვადით მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ავსტრალიის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრმა, დონ ფარელმა განაცხადა.
„ავსტრალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გააუქმებს ტარიფებს უკრაინიდან ავსტრალიაში იმპორტზე. ღონისძიება, რომელიც პრემიერ-მინისტრის კიევში ვიზიტის შემდეგ გამოცხადებული მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, 4 ივლისიდან ამოქმედდა“, - აღნიშნა ფარელმა.
ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას, ასევე, 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, 3 ივლისს განაცხადა. ავსტრალია ასევე აკრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. ავსტრალია კიდევ 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს დაუწესებს სანქციებს, რაც ავსტრალიის მიერ სანქცირებული რუსი პირების საერთო რაოდენობას 843-მდე გაზრდის.