ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას, ასევე, 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ავსტრალია ასევე აკრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. ავსტრალია კიდევ 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს დაუწესებს სანქციებს, რაც ავსტრალიის მიერ სანქცირებული რუსი პირების საერთო რაოდენობას 843-მდე გაზრდის.
გარდა ამისა, ავსტრალიური მხარე გააგრძელებს უკრაინის მესაზღვრე ჯარების მხარდაჭერას, კერძოდ, უზრუნველყოფს მათ უკეთესი აღჭურვილობით, გააუმჯობესებს კიბერუსაფრთხოების დონეს და საზღვრებზე კონტროლს.
ალბანესის თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით სამხედრო აღჭურვილობას და დრონებს. საერთო ჯამში, ავსტრალიამ უკრაინას უკვე 390 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია. უკრაინას გადაცემული Bushmaster-ის ტიპის მანქანების საერთო რაოდენობა 60-ს მიაღწევს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.