მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობას შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობას შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ.

„საუბარი იყო ძირითადად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩვენი თხოვნა იყო, რომ მოეხერხებინათ რამენაირად ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ან საქმის მსვლელობისთვის გამოყონ წარმომადგენელი ვინც დააკვირდება ამ საქმის მსვლელობას. ასევე, მნიშვნელოვანი თხოვნა იყო, რომ გამოეყენებინათ თავიანთი დიპლომატიური არხები იმისთვის, რომ უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლოს უფლება პატიმრისთვის“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ „მთავარ არხთან“.


მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.

9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.

ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.