რუსეთის სასამართლოს მიერ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას, თოყაევის პრეს-სამსახური ავრცელებს.
- რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა
- ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა
„პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება ტრანსკასპიური მარშრუტი. ვავალებ „ყაზმუნაიგაზს“ შეიმუშაოს ოპტიმალური ვარიანტი გაზის რეალიზაციისთვის. ამასთან „თენგიზის პროექტში“ ინვესტორების მოსაზიდად. ხელისუფლება „სამრუკ-ყაზანთან“ ერთად, მიიღებს ზომებს რათა ნავთობსადენი „ატირაუ-კენკიაკი და კენკიაკ-კუმკოლის“ სიმძლავრე გაზარდოს“, - განაცხადა თოყაევმა.
შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საქმიანობა ნოვოროსიისკის სასამართლომ ერთი თვით შეაჩერა. CPC მილსადენის სისტემა (თენგიზ-ნოვოროსიისკის მილსადენი) ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის ორ მესამედზე მეტს ატარებს.