ლიზ ტრასმა G20-ის შეხვედრა დატოვა და ლონდონში ბრუნდება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ინდონეზიაში G20-ის შეხვედრაზე ვიზიტს წყვეტს და ლონდონში ბრუნდება. ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრასი განცხადებას მალე გააკეთებს. მისი დაბრუნება სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბორის ჯონსონის მოსალოდნელ გადადგომას უკავშირდება. ერთი დღით ადრე, ტრასმა , ჯონსონის გადადგომის მოწოდების ფონზე, განაცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს მთავრობის მეთაურს. G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი კონფერენცია ბალიში 7 ივლისს დაიწყო.


შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.