შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრემესინგე მზადაა, გადადგეს, რათა ქვეყანაში მრავალპარტიული მთავრობა შეიქმნას, ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ათასობით მომიტინგე, კოლომბოში, საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეიჭრა.
ვიკრემესინგემ კრიზისის გადაჭრის გზების მოძებნის მიზნით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, მოლაპარაკება გამართა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ პრემიერი უსაფრთხო ადგილზე გადავიდა.
„პრეზიდენტი და პრემიერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. თუ ეს არ მოხდება, პოლიტიკური არასტაბილურობა გაიზრდება“, - განაცხადა შრი-ლანკის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა მაიტრიპალა სირისენამ.
შრი-ლანკის მოსახლეობა პრემიერისა და პრეზიდენტის გადადგომას, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ითხოვს.