ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა, შრი-ლანკის კრიზისის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა მნიშვნელოვნად იმოქმედა სასურსათო უსაფრთხოებაზე მსოფლიოს ბევრ რეგიონში და გაამწვავა ეკონომიკური ვითარება და პოლიტიკური კრიზისი შრი-ლანკაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას, ტაილანდში ვიზიტისას განაცხადა.

შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის პრემიერმაც.


„ეს [რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ] შეიძლება, იყოს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რაც მოხდა შრი-ლანკაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ არსებობს მრავალი ფაქტორი, რამაც გამოიწვია პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ამ კუნძულოვან ქვეყანაში და ახლა ეს ყველაფერი გაერთიანდა. ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული აგრესია, ისევე როგორც უკრაინიდან ათობით მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება, აგრძელებს სასურსათო უსაფრთხოებისთვის საფრთხეა მთელ მსოფლიოში.

BBC-ის ცნობით, რაჯაპაკსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა. შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო.

დემონსტრანტები შრი-ლანკის მთავრობის გადადგომას მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.