დმიტრო კულება: მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე

უკრაინა საერთაშორისო ბაზრებზე მარცვლეულის ექსპორტისთვის ემზადება და მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, - ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ El Pais განუცხადა.

„ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებში, ორ ნაბიჯში ვართ. აუცილებელია უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა, რაც რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. ჩვენ ფინალურ ფაზაში ვართ და ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე. თუ მათ ნამდვილად სურთ, მაშინ მალე დაიწყება ხორბლის ექსპორტი. მაგრამ თუ ისინი, ამ ფაქტორს გამოიყენებენ იმისთვის, რომ „შიმშილის თამაშები“ ითამაშონ, მაშინ აქცენტს კვლავ მოლაპარაკების მნიშვნელობაზე გადაიტანენ“, - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა დასძინა, რომ ხედავს მხოლოდ ერთ პოტენციურ მიზეზს, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა შეიცვალოს თავისი პოზიცია მარცვლეულის ბლოკადასთან დაკავშირებით.

„მათ სურთ, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნებს აჩვენონ, რომ საკვების დეფიციტს თავიდან ააცილებენ. მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ რუსეთს არ აინტერესებს, რომ უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტი შეძლოს. რადგან იციან, რომ თუ მარცვლეულს მსოფლიო ბაზარზე გავიტანთ, შემოსავალს მივიღებთ და ეს ჩვენ გაგვაძლიერებს“, - აღნიშნა კულებამ.


უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.