თურქეთი „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას აანონსებს

ოთხშაბათს, 13 ივლისს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციები, ასევე, გაეროს დელეგაცია შეხვედრას სტამბოლში გამართვენ, რათა განიხილონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თანახმად, სასურსათო კრიზისის მოგვარების შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის და რუსეთისა თავდაცვის მინისტრებთან, რის შემდეგაც სამინისტროების დონეზე მუდმივი საკომუნიკაციო არხი შეიქმნა. გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მოსკოვს ეწვია, ხოლო უკრაინის სამხედრო დელეგაცია  - ანკარას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდაეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.

ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.