ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი შიმშილს იარაღად იყენებს

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცინიკურად იყენებს შიმშილს, როგორც ომის ინსტრუმენტს, როცა ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს უკრაინიდან“, - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას, კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე რეაგირების საკითხში.

უნგრელი ჟურნალისტის შეკითხვას, ახანგრძლივებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში ომს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიული პასუხი გასცა, რომ „არა“.

ალექსანდრ შალენბერგის თქმით, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს და საერთაშორისო სამართლის დარღვევა მიუღებელია. ამასთან, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ სანქციებმა უნდა შეასუსტოს რუსეთი და არა ევროპული ეკონომიკა.

რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლა.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.