უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, სტამბოლში ოთხმხრივი შეხვედრა დასრულდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციებმა უსაფრთხო გადაზიდვის საზღვაო გზები განიხილეს. თურქეთის, უკრაინის, რუსეთის სამხედრო დელეგაციებისა და გაეროს დელეგაციის მონაწილეობით შეხვედრა 12 ივლისს დაანონსდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.
5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.