რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? - ევროკავშირის ელჩის პასუხი

რა არის დეოლიგარქიზაცია? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა.

„ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე. მიზანს წარმოადგენს გადაჭარბებული ზეგავლენის და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მსგავსი პრიორიტებები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვისთვის, რადგანაც ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი. იმისთვის, რომ საქართველოში იყოს გამართული დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია, ყველა ემორჩილებოდეს ერთსა და იმავე წესებს, რაც გარანტირებულია ძლიერი ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ, იმოქმედონ ზედმეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარევის გარეშე თავიანტი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის საფუძველზე. ეს არის ძირითადი აზრი.

სამოქალაქო საზოგადოებამ, რამდენიმე დღის წინ, თავისი გეგმა შეიმუშავა, რომელშიც ხაზს უსვამდნენ, რომ კომისიის სხვა 11 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას, რაც ვფიქრობ, კარგი დაკვირვების შედეგია, მართებულია და საწყისი წერტილია ამ საკითხის შემდგომი განხილვებისთვის“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, 12 ივლისს, ევროკავშირის ელჩს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მათ ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პრიორიტეტის შესრულება. ელჩმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

ასევე წაიკითხეთ