ჯო ბაიდენი: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან არ წავა, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს

აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტზე განაცხადა, რომელშიც არაბული ქვეყნის 9 ლიდერი მონაწილეობს.

„ჩვენ არ დავტოვებთ  ახლო აღმოსავლეთს, არ დავტოვებთ ვაკუუმს რეგიონში, რომელსაც ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

სამიტზე გამოსვლისას ჯო ბაიდენმა მსოფლიო ასპარეზზე მოსკოვის, პეკინისა და თეირანის ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ვხედავთ მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში წესრიგის დარღვევის მცდელობებს. ჩინეთმა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ზეწოლა გაზარდა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ და უსამართლო ომს განაგრძობს, ირანი კი, ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას განაგრძობს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აშშ რეგიონში აქტიური პარტნიორი დარჩება და თავის მოკავშირეებს ტერორიზმთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა, განაგრძოს დიპლომატიური ძალისხმევა, მაგრამ არასოდეს დაუშვებს იმას, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი შექმნას.

ამასთან, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს თანამშრომლობას და იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომელთაც მსოფლიო წესრიგში თავისი წვლილი შეაქვთ. „აშშ იზრუნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნებმა შიდა საფრთხეებისგან თავდაცვა შეძლონ“, - აღნიშნა ბაიდენმა.