აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ჯედაში გამართული შეხვედრისას, უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, თეთრი სახლი იუწყება.
„ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, გაუწიონ კრიტიკული დახმარება უკრაინელ ხალხს, ასევე, მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით, გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებს“, - ნათქვამია კომუნიკეში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში პირველი ვიზიტი დაასრულა. ბაიდენის ტურნე საუდის არაბეთს, ისრაელს და დასავლეთ სანაპიროს მოიცავდა. ვიზიტის გზავნილია, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება.
ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთს არ დატოვებს, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს.
ბაიდენმა ასევე გამართა შეხვედრები საუდის არაბეთის მეფე სალმანთან და მის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის ერთგვარი მცდელობაა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის ფონზე, რეგიონში ლიდერობა განიმტკიცოს, წერს საერთაშორისო მედია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს.
ბაიდენის ტურნე 13 ივლისს, ისრაელში ვიზიტით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა მოგზაურობის მიზნებზე ვრცლად The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა.
„ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც.
„რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.