ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ალექსანდრ ვუჩიჩი მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან მისვლას გეგმავდა. ხორვატიის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ზაგრებში დაფუძნებული გაზეთი, Jutarnji Iist იტყობინება, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი მის ვიზიტზე ხორვატიის ხელისუფლების ინფორმირებას არ აპირებდა.
ხორვატიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვუჩიჩის მიზანი, რომელმაც დიმპლომატიური პროტოკოლი დაარღვია, ზაგრების პროვოცირება იყო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს.
„ის, რაც წერია ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში, რომელიც კრძალავს სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის კერძო ვიზიტს იასენოვაცში, არის არამხოლოდ სკანდალური, არამედ შემზარავი, გაუგონარი და დაუჯერებელია, რომ ეს ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - განაცხადა სელაკოვიჩმა.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ ვულინმა უკვე გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა ხორვატიის ოფიციალური პირების მიმართ სასაზღვრო პოლიტიკას შეცვლის და დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ამიერიდან სერბეთში შესვლისას მოუწევთ, ვიზიტის მიზეზი დაასახელონ.