სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა.
„ჩემი ვიზიტი ბაქოში პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გასული თვეების განმავლობაში, ევროკავშირისთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი და „გაზპრომი“ გამოიყენებდნენ ენერგომომარაგებას, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტს. ამიტომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ სანდო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე“, - განაცხადა კადრი სიმსონმა.
მანვე დაამატა, რომ აზერბაიჯანთან ერთად, ევროკავშირი ასევე ეძებს სხვა პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, სადაც ხედავს არამხოლოდ გაზის მიწოდების პოტენციალს, არამედ გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის წყალბადისა და განახლებადი ენერგიის საკითხებში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
„დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.
- წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს
- ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.