კელი დეგნანი: ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ, არ აღიქმება პერსონალურად ჩემ მიმართ განაცხადად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტს

აშშ ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რადგან საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი, რაც შეეხება ვაშინგტონს და იმ განცხადებას, რომელიც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული და ყურადღებით ადევნებს თვალს აქ მიმდინარე მოვლენებს, რადგან საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ზრუნავს ქვეყანაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ 30 წლის განმავლობაში და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მედია დამატებით დაინტერსდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაზე ელჩის პოზიციით.

„როგორც მან თქვა, პარტნიორები ასე არ ურთიერთობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ დიპლომატი, წარმოვადგენ ამერიკას და ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ, არ აღიქმება პერსონალურად ჩემ მიმართ განაცხადად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტს და რაც ბატონმა პრაისმა თქვა, აბსოლუტური სიმართლეა, ჩვენ მეტი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს, როგორც პარტნიორები და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც ვრცელდება სპეკულაციები, ჭორები და ასე შემდეგ, ძალიან დამაბნეველია საქართველოს მოსახლეობისთვის და ეს არ უწყობს ხელს დიალოგს“, - უპასუხა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“. საპასუხოდ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“.

„კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე 19 ივლისს.

კელი დეგნანს მიხეილ ყაველაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა „არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის“, - აღნიშნა ელჩმა.

„კითხვა დაისვა მიშა ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მკაფიო პასუხს. ანუ, ძალიან მარტივი კითხვაა ხომ – ან შედგა შეხვედრა, ან არ შედგა. მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო ელჩისგან პასუხის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. მას უნდა ეთქვა, რომ ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ. თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემს.

ანუ, თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშა ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა პასუხი. ელჩს არ უთქვამს, შეხვდა თუ არ შეხვდა, რაც ცუდია, რადგან როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვები, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯაროდ მკაფიოდ პასუხის გაცემა, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს.

20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.