უკრაინული ხორბლის განბლოკვაზე ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივამ მსოფლიოში ხორბლის ფასების შემცირებაზე გავლენა უკვე მოახდინა. ამის შესახებ BBC წერს.
ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსები 3%-ით გაიაფდა. ანალოგიური ვითარება შეიქმნა ბრიტანეთის ფიუჩერსებთან მიმართებით. ხორბლის გაყიდვების ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მართალია ფიუჩერსები ერთ ღამეში ტონაზე $10 გაიაფდა, მაინც არსებობს სკეპტიციზმი, იმუშავებს თუ არა სტამბოლში გაფორმებული ოთხმხრივი შეთანხმება.
22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ.
მარცვლეულის მიწოდების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში „იმედის შუქურაა“.