„აბსოლუტურად შემზარავია, რომ ამ შეთანხმების დადებიდან ერთ დღეში, ვლადიმირ პუტინმა კვლავ დაიწყო სრულიად დაუსაბუთებელი შეტევა ოდესაზე. ეს გვიჩვენებს, რომ მისი ნათქვამი არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება“, - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის ოდესის პორტზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პარტნიორებთან მუშაობა და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზა უნდა იპოვონ.
„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვიპოვოთ უკეთესი გზა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის, რომელიც რუსეთისა და მისი შეუსრულებელი დაპირებების მიღმა იქნება", - თქვა ლიზ ტრასმა.
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა.
სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.