გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დახმარებას გაზრდის - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლიზ ტრასმა სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უკვე გამოვყავით 4 მილიარდ ფუნტზე მეტი სხვადასხვა სახის დახმარებისთვის და ვმუშაობთ ერთობლივად G7-ის პარტნიორებთან, რათა შემოვიღოთ რუსეთის წინააღმდეგ მეტად ძლიერი სანქციები, გავზარდოთ კოლექტიური წნეხი ომის პუტინისტურ მანქანაზე და გავზარდოთ კოლექტიური დახმარება უკრაინისთვის“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.
მისი თქმით, აგრესორი უნდა დამარცხდეს. „სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს განდევნონ რუსები თავისი ქვეყნიდან. დიდი ბრიტანეთი მას უწევს სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას ჯავშანმანქანებიდან დაწყებული უპილოტო საფრენი აპარატებით დამთავრებული, ჩვენ ვეხმარებით უკრაინელი სამხედროების მომზადებაში ბრიტანეთის ტერიტორიაზე, შემოვიღეთ სანქციები ათასზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ და ასზე მეტი საწარმოს წინააღმდეგ.
ეს მკაცრი მოქმედებები მიმართულია პრეზიდენტ ზელენსკის გაძლიერებისკენ. არავინ არ შეიძლება თავი უსაფრთხოდ იგრძნოს იქამდე, ვიდრე რუსეთი უკან არ დაიხევს, ჩვენ ხომ არ შეიძლება დავუშვათ მსგავსი აგრესია მომავალშიც. სწორედ ამისკენ იქნება მიმართული გაერთიანებული სამეფოს მუშაობა“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.