რომის პაპმა კანადის მკვიდრ მოსახლეობას კათოლიკური ეკლესიის ქმედებებისთვის ბოდიში მოუხადა.
„აქ იმიტომ ვარ, რომ ესაა ჩემი „სინანულის მომლოცველობის“ პირველი ნაბიჯი. ისევ უნდა გთხოვოთ პატიება. მე გეუბნებით თქვენ, ძალიან, ძალიან ვწუხვარ“, - განაცხადა რომის პაპმა.
ცერემონია ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე ჩატარდა. რომის პაპის ბოდიშის მოსახდელად ასობით ადამინი მივიდა. მათ ტრადიციული სამოსი ეცვათ. ცერემონიას ესწრებოდა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო.
რომის პაპი ფრანცისკე, 24 ივლისს კანადაში ხუთდღიანი ვიზიტით ჩავიდა.
ვატიკანმა ამ მოგზაურობას „სინანულის მომლოცვალობა“ უწოდა. რომის პაპს ედმონტონში პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და გენერალური გუბერნატორი მერი საიმონი დახვდნენ.
ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს.
როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერდა, აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს.
მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს.
სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.
კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ, რომელიც თვითონ კათოლიკეა, ინდიგენული მოსახლეორბის მიმართ პაპის ბოდიში მოითხოვა. ფრანცისკეს კანადაში ჩასვლას მთავრობა პოლიტიკურ წარმატებად აფასებს, რადგან მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შერიგება.