უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, იური ვასკოვმა განაცხადა.

ვასკოვმა აღნიშნა, რომ ორი კვირის განმავლობაში უკრაინა ტექნიკურად მზად იქნება სამივე პორტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის.

„ვიმედოვნებთ, რომ გადაზიდვას ამ კვირაში დავიწყებთ. 24 საათის განმავლობაში ჩვენ მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ ჩვენი პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლებაზე. ჯერ საუბარია ჩორნომორსკის პორტზე. შემდეგი იქნება ოდესისა და პივდენის პორტები“, - განაცხადა ვასკოვმა.

სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.

რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.