ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკის განსაზღვრულ სექტორებს შეეხება.
ევროკავშირის სანქციები რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, წარმოებაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საგნებზე ვრცელდება.
სანქციები, ევროკავშირმა 2014 წელს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ დააწესა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაფართოვდა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი ძალაში ივლისში შევიდა. სანქციები რუსული ოქროს იმპორტს, პირდაპირ ან ირიბ ტრანსფერს, მათ შორის მესამე ქვეყნებიდანაც კრძალავს. აკრძალვა ვრცელდება საიუველირო ნაწარმზეც.