ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა გაზის მოხმარების შემცირებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.
ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრის კლოდ ტურმესის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უნგრეთი წავიდა
„ევროკავშირი გაერთიანდა, დათანხმდა გაზზე მოთხოვნის შემცირების კოორდინირებულ რეგულაციას. რუსეთის მხრიდან შანტაჟზე პასუხის გასაცემად, გაზის მოხმარების 45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირება საუკეთესო ნაბიჯია. ამ ინიციატივას წინააღმდეგ ხმა მხოლოდ უნგრეთმა მისცა“, - განაცხადა მინისტრმა.
გეგმის მიზანი საგანგებო ვითარებაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიზეზია რუსეთიდან მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება. ევროკომისიის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნებისთვის ან მთლიანად ბლოკის ქსელისთვის გამონაკლისებს ითვალისწინებს.
11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა.
20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.
21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდა.