პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები უკრაინას ეწვევიან

უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებენ და პრეზიდენტები ანდჯეი დუდა და გიტანას ნაუსედა კიევში ვიზიტებს გეგმავენ. ანდჯეი დუდას თქმით, პოლონეთი და ლიეტუვა ასევე გააძლიერებენ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას.

„ორი დღის განმავლობაში უაღრესად ღირებული საუბარი შედგა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან. ჩვენი ქვეყნები არ შეამცირებენ აქტივობას უკრაინაში, ორივე ვგეგმავთ ახალ ვიზიტებს კიევში. ჩვენ არ დავემორჩილებით რუსეთის შანტაჟს", - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

„ამ კვირაში პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის და რაც მთავარია, უკრაინის პოზიციების შემდგომი წინსვლის მომსწრე გავხდებით - ფრონტზე, დიპლომატიასა და ეკონომიკაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივლისს, ვიდეომიმართვისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ უკრაინის თავდაცვისთვის პოლონეთისა და მოკავშირეების მხარდაჭერის საკითხი 19 ივლისს განიხილეს.

„მე ვაგრძელებ დიალოგს ანდჯეი დუდასთან. ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა პოლონეთისა და მოკავშირეებისგან. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებულად ვმოქმედებთ ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.