გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჰუმანიტარულ საკთხებში, მარტინ გრიფიტსის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს.
„ჩვენ გვაქვს იმედი და ვგეგმავთ, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი პორტს უახლოეს დღეებში ან სავარაუდოდ, 29 ივლისს დატოვებს“, - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.
მისი თქმით, გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლები ოდესის პორტში იქნებიან. „გემებს, რომლებიც დატოვებენ უკრაინის პორტს, ინსპექცია თურქეთის პორტში ჩაუტარდებათ. ეს უფრო მარტივია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ გემებში არ არის კონტრაბანდა და იარაღი. ამასთან, გაეროს და თურქეთის წარმომადგენლები იქნებიან ოდესის პორტში და დააკვირდებიან ხორბლის ჩატვირთვის პროცესს“, - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.