უკრაინა ცდილობს, თავიდან აიცილოს გლობალური სასურსათო კრიზისი, ხოლო რუსეთი მსოფლიოს შიმშილით აშანტაჟებს. „უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. წელს რუსეთის შემოჭრის გამო უკრაინულ მოსავალს საფრთხე ემუქრება. მაშინ, როცა რუსეთი შიმშილით აშანტაჟებს მსოფლიოს, ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ გლობალური სასურსათო კრიზისი“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მარცვლეულის ექსპორტისთვის და პარტნიორებისგან ტრანსპორტირების დაწყების შესახებ სიგნალებს ელოდება.
27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.