სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოს არმია შუაღამისას გეგმავს ქვეყანაზე თავდასხმას, იტყობინება გამოცემა Danas-ი.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ვუჩიჩმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა. ადგილობრივი დროით 18:00 საათის შემდეგ, ქალაქში საჰაერო თავდასხმის მომასწავებელი სირენები ხმა გაისმა, სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია.

კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა.

შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში.

ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან.

სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.