ამერიკის ელჩი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერმა კოსოვოს მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადადოს.

„მე ვთხოვე  ალბინ კურტის მთავრობას, გადადოს ამ გადაწყვეტილების შესრულება 30 დღით. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ბარიკადების ჩამოყალიბებას, მხარეებს შორის დიალოგის გზა უნდა მოიძებნოს", - განუცხადა ჰოვენიერმა მედიას კოსოვოს პრემიერსა და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

სერბეთი მის არმიასა და კოსოვოს პოლიციას შორის სასაზღვრო კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

„არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე დაშავდა. მივმართავთ ყველა მოქალაქეს და მედიას, არ აჰყვნენ ყალბ ამბებს, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციას და პანიკას იწვევს“, - ნათქვამია კოსოვოს პოლიციის განცხადებაში. 

სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კოსოვოს მთავრობა დიდი რაოდენობით დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის ყალბი ანგარიშების საშუალებით სოციალურ მედიაში.

„სავარაუდოდ, იყო გარკვეული კონფლიქტები სერბეთის არმიასა და ე.წ. კოსოვოს პოლიციას შორის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ სერბეთის არმია „არანაირად არ შესულა კოსოვოს ტერიტორიაზე".

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა, ჩაირთო განგაშის სიგნალი. სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია.

კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა.

შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია.

ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.