ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომისიამ 2 აგვისტოს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ, რეზოლუციის პროექტს, მხარი დაუჭირა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მიზანმიმართულად უტევს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, იყენებს დაშინებისა და ზეწოლის მეთოდებს, როგორც ინსტრუმენტს უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების დემორალიზებისთვის, უკრაინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის პარალიზებისთვის, უკრაინის ოკუპაციის მცდელობისთვის. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ამ ძალადობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ახორციელებს.
კომისიის წევრებმა კატეგორიულად დაგმეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელიც განხორციელდა ბელორუსის მმართველი რეჟიმის მხარდაჭერითა და მონაწილეობით, ასევე მოუწოდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას და სხვა მოკავშირეებს, რომ სასწრაფოდ გააძლიერონ და დააწესონ ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა უკრაინის წინააღმდეგ, რუსული არმიის აგრესია შეაჩერონ.
„კომისია, მის მიერ დამტკიცებული განცხადებით მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, გამოხატონ იგივე დამოკიდებულება რუსეთის მიმართ - პირდაპირ აღიარონ ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ,“- განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა რიჩარდ კოლსმა.
მან განმარტა, რომ კომისია სეიმს რეზოლუციის მიღებას მომდევნო სხდომაზე სთხოვს, რომელიც სავარაუდოდ, 11 აგვისტოს გაიმართება.
ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.