აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არღვევს.
მისი თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა.
ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა.
მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება.
პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად.
„ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში.
გაეცანით სტატიას