მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია

რა გავლენა ექნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებზე, ასევე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე, ეს თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განიხილა.

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთგვარი გამოძახილი, რადგან ნებისმიერი სტრატეგი კარგად ხედავს, თუ როგორ რეაგირებს ჩინეთი მოსკოვის შეჭრაზე. ამერიკელი დიპლომატი შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას არ ელის.

„არ მგონია, რომ ამ ფაქტმა რაიმე გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, გონივრული რჩევა იქნებოდა პელოსისთვის... მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, დემოკრატიის ძლიერი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვიზიტის დრო... როგორც ვთქვით, უკრაინის ომს ჩინეთი თვალს ადევნებს...

ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ გაამძაფრებს, ისედაც რთულ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს, რაც რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის სასარგებლო. ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია, თუმცა ის არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ის დამოუკიდებელია, წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელ ინსტიტუტს. მას ჰქონდა ტაივანში ჩასვლის უფლება“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ და აქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნენსი პელოსი ამ თანამდებობაზე უკვე ნოემბრის არჩევნების შემდეგ აღარ იქნება.

„ნენსი პელოსიმ იცის, რომ არჩევნების მერე ამ თანამდებობაზე აღარ იქნება. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც ეროვნული ლიდერის. მან ასე გადაწყვიტა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, კონგრესის წევრები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ და არ აქცევენ ყურადღებას, რა სურს ბაიდენის ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. კონგრესი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და ის ამ ინსტიტუტის ლიდერია“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.


თეთრი სახლის პოზიცია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა".

FILE - President Joe Biden speaks to members of the media after exiting Air Force One, Wednesday, July 20, 2022, at Andrews Air Force Base, Md. Biden has tested positive for COVID-19 on Thursday, July 21, making him the second U.S. president to get the virus and underscoring the extent to which the virus has infiltrated American society. (AP Photo/Evan Vucci, File)

2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს.

აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას.

ვინ ცნობს ტაივანს

ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.

ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.

სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში

1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი.

გაეცანით სტატიას