სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი კამბოჯასთან ურთიერთობის გაფაროთოებით დაინტერესდა

მოსკოვსა და პნომპენს აქვთ თანამშრომლობის კეთილი და პოზიტიური ისტორია. რუსეთი დაინტერესებულია მისი გაფართოებით, - ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კამბოჯაში ვიზიტისას განაცხადა. 

სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, კამბოჯას პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა თანამშრომლობას, რიგ სფეროებში განავითარებს. მათ შორისაა კოსმოსი, ჰუმანიტარული, სამხედრო, ტექნიკური დარგები და უსაფრთხოების საკითხები. 

კამბოჯაში ლავროვი მიანმარიდან ჩავიდა, სადაც თავის კოლეგას ვუნა მაუნ ლუინს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა. 


დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე, რუსეთი მოკავშირეებს ეძებს. ამას საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფრიკული ტურნე მოწმობს. იმ დროს, როცა აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია, ლავროვი ოფიციალურ შეხვედრებზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მარცვლეულის კრიზისში დასავლეთი და მის მიერ დაწესებული სანქციებია დამნაშავე.

საგულისხმოა, რომ მანამდე, ჯერ ლავროვი და შემდეგ პუტინი სტუმრობდნენ მოკავშირე ირანს, სადაც ჩასვლამდე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი შესაძლოა, ემზადებოდეს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის. ლავროვმა ევრაზიული სივრცეც მოიცვა და 28 ივლისს უკვე უზბეკეთის დედაქალაქში ჩავიდა.

ხსენებული გარემოებები ექსპერტებს აძლევს დასკვნის საშუალებას, რომ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად, რუსეთი რთულ ვითარებაშია და ეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ, რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს მეტი პარტნიორი და მეტი მხარდაჭერა.

გაეცანით Europetime-ის სტატიას