ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის და ხსენებული ზომები სანქციების მომდევნო პაკეტში შეიტანონ.
ურმას რეინსალუს თქმით, მოსკოვი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს ლატვიის პოლიტიკას, რომლის თანახმად, ქვეყანაში შესულ რუსეთის მოქალაქეებს მოეთხოვებათ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლითაც "შეჭრას გმობენ".
ცნობისათვის, დღესვე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო, გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას ითვალისწინებს.