აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში სტრატეგიული სიმაღლის აღების შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღში კონფლიქტის ზონაში, ბუზდუხის მთაზე სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს.

„ბუზდუხის მთა და მიმდებარე სიმაღლეები აზერბაიჯანის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა. ბუზდუხი 2374 მეტრის სიმაღლეზე, სოფელ ვანქთან მდებარეობს, რომელიც აზერბაიჯანის კალბაჯარისა და ყოფილი აგდერეს (ამჟამად არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მარტაკერტის რაიონი) რეგიონების კვეთაზეა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცახდებაში.

მთის აღება, მთიანი ყარაბაღის ჩრდილო-დასავლეთით აზერბაიჯანის არმიის პოზიციების გაძლიერებას ნიშნავს, - წერს აზერბაიჯანული მედია.

3 აგვისტოს, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინოფრმაცია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. 

სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო. ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს. 

მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში განსათავსებლად, რუსი სამშვიდობოების ალტერნატივა უნდა მოიძებნოს იმ შემთხვევაში, თუ  მათი იქ ყოფნისას დაგეგმილი ამოცანა ვერ შესრულდება.