რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ. თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ. თუ იგი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა“, - განაცხადა კულებამ.
ცნობისთვის, 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი.
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.
ამასთან, სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.