რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნების შემდეგ, შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი, უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი იქნება და არა ტერორისტების სამხედრო ბაზა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია, იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებითა და მსოფლიო კურორტი. ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის. ყველაფერი ჯერ ახლა იწყება“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
ე.წ. ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, 5 დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება.
უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.