ზელენსკი: რუსეთის ბირთვულ შანტაჟს მსოფლიომ ხისტი სანქციებით უნდა უპასუხოს

რუსეთის ბირთვულ შანტაჟს მსოფლიომ ხისტი სანქციებით უნდა უპასუხოს და აგრესორთან მოლაპარაკებები არ უნდა გამართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოევროპელი პარტნიორების დონორთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ზელენსკი მიიჩნევს, რომ მკაცრი სანქციები ბირთვულ შანტაჟზე საუკეთესო პასუხია: „რაც მალე შევაჩერებთ რუსეთს, უფრო სწრაფად იგრძნობს ევროპა და მსოფლიო თავს უსაფრთხოდ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს და ვერ უნდა შეძლონ შეზღუდვების გვერდის ავლა. ბირთვული შანტაჟის პასუხად, მოლაპარაკების ნაცვლად, საჭიროა ხისტი სანქციები „როსატომისა“ და რუსეთის მთელი ატომური სექტორის წინააღმდეგ. 

„არავის სურს ახალი კატასტროფები. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები 1986 წლის კატასტროფიდან. იმ ათწლეულებიდან, როდესაც რუსეთი ემზადებოდა ამ საზარელი ომისთვის მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ. დონბასში რვაწლიანი ომისა და 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ 170 დღის ტერორიდან. არავითარი თავშეკავება - მხოლოდ სიმართლე. არანაირი შეფერხება, მხოლოდ გადამწყვეტი მოქმედება. არანაირი დაბნეულობა - მხოლოდ თავდაჯერებული ერთიანობა“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ თავის მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევს თავდაცვისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება.


„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას.

ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. 

Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.