ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც ახლა ხდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, ტერორისტული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია ფსკერს უფრო მიუახლოვდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით. ზელენსკის თქმით, მსოფლიოში არავის არასოდეს უცდია ატომური ელექტროსადგურის ინსტრუმენტალიზაცია, რათა საფრთხე გამოეწვია.

„რაც ახლა ხდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, არის ტერორისტული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული. დღეს უფრო მეტი რუსული ჭურვები დაფიქსირდა ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს. რუსეთი კიდევ ერთხელ მიდი ტერორიზმის გზით, სხვას არავის გამოუყენებია ატომური სადგური ასე აშკარად, რათა დაემუქროს მთელ მსოფლიოს და წამოაყენოს გარკვეული პირობები“, - აღნიშნა ზელენსკიმ

გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. 


მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან.

დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.

ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. 

Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.