ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაუქმება საერთო ევროპული გადაწყვეტილება უნდა იყოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაუქმება საერთო ევროპული გადაწყვეტილება უნდა იყოს. 

გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ ამ დროისთვის ლიეტუვა არ გასცემს ტურისტულ ვიზებს. „ჩვენ ვიზებს მხოლოდ ჰუმანტარული მოსაზრებების საფუძველზე გავცემთ. ჩვენთვის ეს არაა ახალი დისკუსია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უნდა იყოს საერთი ევროპული გადაწყვეტილება. „შენგენი“ ახლა ისე მუშაობს, რომ ჩვენი საზღვრები ადამიანებს, როგორც ღრუბელი წყალს ისე ატარებს.

ზოგიერთები შედიან ერთ ქვეყანაში, ზოგიერთები მეორეში. დიახ ეს ასეა. ჩვენც ვნახეთ ასეთი შემთხვევები. ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ ლიეტუვაში, ჩვენს ქვეყანაში არიან, ან სხვა ქვეყნებში ხვდებიან. ამიტომ, ჩვენ რუსეთის მოქალაქეებითვის შენგენის ვიზების შეჩერებას საერთო ევროპულ დონეზე მხარს ვუჭერთ. ამასთან, საკითხს აქვს პოლიტიკური და მორალური მხარეც“, - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირს ასევე მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს.

„ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ უკრაინელები არიან უნარიანი, ქმედითი და სანდო პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება ევროპის საზღვრების დაცვას. რაც მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი“, - აღნიშნავს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ლანდსბერგისის თქმით, „ხალხი იძულებული გახდა, გაქცეულიყო უკრაინიდან, ზოგიერთი მათგანი იქ რჩება და სიცოცხლისთვის, საკუთარი სახლებისთვის იბრძვის, მაშინ, როცა ადამიანებს რუსეთიდან ჯერ კიდევ თავისუფლად შეუძლიათ, იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი მსოფლიოს ყველა კეთილმოწყობილობით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის“.