ბოლოდროინდელი სასაზღვრო დაძაბულობის ფონზე, ალექსანდრ ვუჩიჩმა და ალბინ კურტმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელისგან შეხვედრის მიწვევა მიიღეს.
ლიდერები სავარაუდოდ, 18 აგვისტოს შეხვდებიან ჯოზეფ ბორელს, ასევე, NATO-ს ხელმძღვანელს იენს სტოლტენბერგს და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მიროსლავ ლაიჩეკს.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა და გაეროს წევრთა უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა მეზობლისგან ცალკე ავტონომიურ სახელმწიფოდ აღიარეს.
თუმცა სერბეთი პრეტენზიას კვლავ აცხადებს.
31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ.
კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.